ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი
ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი, იგივე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკის ინსტიტუტისა, მაღალმთის ბოტანიკური ბაღი, მდებარეობს ბაკურიანის ქედის სამხრეთ-დასავლეთ კალთებზე. ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე. დაარსებულია 1910 წელსკოხტაგორის დასავლეთ კალტაზე ა. როლოვისა და ა. ფომინის ინიციატივით. 1934 წელს ბაღი საქართველოს ბოტანიკის ინსტიტუტს გადაეცა. 1937 წელს ბაღი გაშენდა ახალ ტერიტორიაზე. უკავია 17 ჰა ფართობი. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღის ძირითადი დანიშნულებაა კავკასიის მაღალმთიანეთის მცენარეების ინტროდუქცია, მათი აკლიმატიზაცია და დამახასიათებელ ბიოეკოლოგიურ თავისებირებათა დადგენა. ამავე დროს ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტის ერთ-ერთი ექსპერიმენტული ბაზაა. მის ტერიტორიაზე შექმნილია საცდელი ნაკვეთბი და კოლექციები, რომელთა შორის აღსანიშნავია:
  • ალპურ მცენარეთა კოლექცია (თავმოყრილია კავკასიის სხვდასხვა რაიონიდან გადმოტანილი 1200-მდე სახეობა - ქარცხვი, კენკეშა, ცის-ფოლიო, ბაიერნის ფურისულა, აღმოსავლური ყაყაჩო, ჯავახური და კეცხოველის ფამფარულა, ჭრელი წივანა, მთის ბარისპირა, ფრინტა, მშვენიერი დეზურა, პონტოური ნაღველა და სხვა), რომელსაც 1,5 ჰა-მდე ფართობი უკავია.

  • ალთაის, შორეული აღმოსავლეთის, კარპატებისა და სხვა მცენარეების კოლექცია, რომელთა 300-მდე სახეობა (ამურის მიხაკი, ალთაური ია, ციმბირული ცხენისკბილა, კარპატული მაჩიტა, ალპური ღიღილო, ჰიმალაური ასტრა და სხვა) ბაღშია ინტროდუქცირებული.

  • მერქნიან მცენარეთა კოლექცია: კავკასიის 75 სახეობა (მაღალმთის ნეკერჩხალი, აღმოსავლური მუხა, ლიტვინოვის და მედვედევის არყი, კავკასიური სოჭი, თლა, ცაცხვი, დეკა, უნგერნის შქერი და სხვა). ეგზოტიკურ მცენარეთა 66 სახეობა (დუგლასის ცრუცუგა, ევროპული, ენგელმანის და მჩხვლეტავი ნაძვი, მანჯურიული კაკლის ხე, ამურის ხავერდის ხე, ციმბირული ლარიქსი და სხვა). საცდელ ნაკვეთბზე გაშენებულია მოცხარის (თეთრი, წითელი და შავი), მაყვლის, ხურტკმელისა და მიჩურინული ყინვაგამძლე ვაშლის სხვადასხვა ჯიში, რომლებიც შემოტანილია 1939 წელს. ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი უცხოეთის ზოგიერთ ბოტანიკურ დაწესებულებას უცვლის თესლს იმ სიის საფუძველზე, რომელსაც ყოველწლიურად აქვეყნებს საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბოტანიკური ინსტიტუტი.
ბაკურიანის ბოტანიკური ბაღი

ბაკურიანის ბოტანიკური ბაღში შესასვლელი.